საწარმოო პროდუქტის პროტიტიპირების შესწავლა BTU-ში დაიწყო
საწარმოო პროდუქტის პროტიტიპირება – ეს ახალი სასწავლო საგანია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლო საგნებს დაემატა. კურსი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით შემუშავდა და დაინერგა.
კურსის მიზანია, მექანიკური და ელექტრონული საწარმოო პროდუქტის პროტოტიპირების პროცესის შესწავლა, დაგეგმვა და განხორციელება. თეორიული სწავლებისა და კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შეეძლებათ გუნდურად განახორციელონ ნაკლებად კომპლექსური ელექტრონული პროდუქტის ძირითადი კონცეფციის დიზაინი. ისინი შეძლებენ წარმოადგინონ საწარმოო პროდუქტის დიზაინის კონცეფცია კონტექსტურად დასაბუთებული არგუმენტებით.
კურსის განმავლობაში სტუდენტები შემდეგ საკითხებს გაეცნობიან: საწარმოო დიზაინის პრინციპები, 2D და 3D პროგრამები, საწარმოო დანადგარები, ელექტრონიკის როლი საწარმოო პროდუქტის შექმნაში, ელექტრონული მოწყობილობები და პლატფორმები, ფაბლაბის დანადგარების მუშაობის პრინციპები და პროტოტიპირება
სასწავლო პროგრამა 16 კვირაზე გადანაწილდება და სტუდენტები დასახელებულ თემებს ეტაპობრივად გაივლიან. ბოლო 3 კვირის განმავლობაში კი ტექნოპარკის ფაბლაბი კურსის მონაწილეებს არსებული რესურსებით დაეხმარება პროდუქტის პროტოტიპირების პროცესში.
სტუდენტებმა ფინალურ ეტაპზე უნდა წარადგინონ საკუთარი იდეის ბიზნესმოდელი და პროტოტიპი, რომელიც ფაბლაბის დანადგარების დახმარებით იქნება შექმნილი.