The doctoral program in digital governance and artificial intelligence at BTU will be implemented in partnership with leading European universities
სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“, ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებთან პარტნიორობით პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში BTU-მ შეთანხმება გააფორმა ევროპის მოწინავე საუნივერსიტეტო და კვლევით დაწესებულებებთან, ლეიდენის, ლა საპიენცას, ბრაგანჩას, ლა კორუნიას, ცვიკაცაუს გამოყენებითი მეცნიერების, ვიადრინას ევროპულ და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. თანამშრომლობა მოიცავს საჯარო სექტორში ციფრული მმართველობის დანერგვის შესაძლებლობებისა და მათში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის კვლევას, აგრეთვე სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა თანახელმძღვანელობასა და გაცვლითი კვლევითი სტაჟირებების განხორციელებას. სადოქტორო პროგრამაზე პირველი მიღება 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადდება.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად გაბისონია მიიჩნევს, რომ სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ პირველ სადოქტორო პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოსთვის პრიორიტეტულ საჯარო სექტორებში (იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, აგრარული, ციფრული ეკონომიკის, ციფრული დიპლომატიის სფეროში) ახალი ცოდნის აღმოჩენა, ციფრული მმართველობის დანერგვისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობის სტრატეგიულ კვლებზე მუშაობა და მკვლევრებისთვის შესაბამისი უნარების განვითარება. შესაბამისად, სადოქტორო პროგრამა მიმართულია საჯარო მმართველობის სფეროში მკვლევრის მომზადებაზე, რომელიც ციფრული მმართველობისა და ციფრული პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს და შეძლებს ციფრული მმართველობის განვითარებას შესაბამის სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა 2 წელია მიმდინარეობს და პროგრამის განხორციელებაში უშუალოდაა ჩართული ყველა პრიორიტეტული სექტორის შესაბამისი სამინისტროები და ორგანიზაციები. განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროს და მის სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთან, სსიპ საჯარო მართვის ბიუროსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ციფრული მმართველობის დანერგვაზე. სადოქტორო პროგრამა დაეხმარება აღნიშნულ უწყებებს შესაბამისი მეცნიერ-მკვლევრებით.
უნიკალურია ის, რომ სადოქტორო პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაცია არის „საჯარო მმართველობის დოქტორი“. სადისერტაციო ნაშრომისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გარდა, პროგრამის ფარგლებში, დოქტორანტები გაივლიან როგორც არჩევით, ისე სავალდებულო საგნებს შემდეგი მიმართულებებით:
- საჯარო მმართველობა და დემოკრატია ციფრულ ეპოქაში
- ციფრული მმართველობა
- ხელოვნური ინტელექტი როგორც მეცნიერება
- საჯარო მმართველობის მოდერნიზაცია და ინოვაციები სახელმწიფო სერვისში
- ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მმართველობა ცალკეულ დარგებში
- ციფრული ეკონომიკა
- მენეჯმენტი და ლიდერობა მეცნიერებისა და კვლევების მენეჯმენტი
ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაციაა – საჯარო მმართველობის დოქტორი / Doctor of Public Administration (კვალიფიკაციის კოდი: 0413);
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 აკადემიური წელს.