BTU-ს აკადემიური საბჭოს და სემეკის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე მაია მელიქიძე ასოციაციის ხელმძღვანელად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
სემეკის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გოჩა შონია, რომლებმაც სემეკის სახელით მაია მელიქიძის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ასოციაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს მაია მელიქიძის მიერ ERRA-ს პრეზიდენტობის პირველ ვადაში განხორციელებული რეფორმები, რომლებმაც ასოციაციის საქმიანობა მეტად ეფექტური გახადა.
საგულისხმოა, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასთან ერთად, მაია მელიქიძის ინიციატივით, ასოციაციაში დაიწყო პროგრამები, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ორგანიზაციაში ასევე გაერთიანებული არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
სემეკი ERRA-ს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია.
მაია მელიქიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრია. ამასთან ერთად ის ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია.