How to become a freelancer – a series of trainings were held for the beneficiaries of the 500 Women in Tech project
ტექნოლოგიებში ქალების დასაქმების ხელშეწყობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასაქმების მასშტაბური ფორუმი გამართეს. ფორუმი BTU-ს პროექტის “500 ქალი ტექში” ნაწილია.
პროექტის ფარგლებში პირველი ნაკადის ბენეფიციარებმა გაიარეს: ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, ტექ კურსები, კარიერული ბუთქემფი, ვორქშოფები მეწარმეობის მიმართულებით; შეასრულეს ტექ დავალებები და მონაწილეობა მიიღეს ინიდივიდუალურ მენტორინგში.
პირველი ნაკადის ბენეფიციარების გადამზადების შემდეგ, მათთვის დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ქალებს ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ვაკანსია და დასაქმების შესაძლებლობა გააცნეს. ფორუმზე 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. წარმოდგენილი ბიზნესკომპანიების უმეტესი ნაწილი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქალების გადამზადებას, სტაჟირებასა და დასაქმებას მუდმივად უწყობს ხელს.
ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების პარალელურად, ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ფრილანსინგზე.
ფრილანსერად მუშაობა ამჟამად მეტად აქტუალურია, განსაკუთრებით – ტექნოლოგიების მიმართულებაში. სწორედ ამიტომ BTU-მ ბენეფიციარებისთვის დასაქმების ფორუმზე სპეციალური კუთხე მოაწყო, სადაც ამ მიმართულებაში არსებულ შესაძლებლობებსა და შესაბამის პლატფორმებზე ინფორმაციის მიღება იყო შესაძლებელი.
“დასაქმების ფორუმზე 50-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ვაკანსიებით. ბენეფიციარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმების კარგ შესაძლებლობებს სთავაზობენ. ჩვენი პროექტის მთავარი საზომი არა გადამზადებულთა, არამედ დასაქმებულთა რაოდენობაა. სწორედ ამიტომ მათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის პარალელურად, კარიერულ ბუთქემფზე დასწრების შესაძლებლობა მივეცით. მათ კარგად იციან, როგორ წარმოაჩინონ თავი და როგორ მოიქცნენ გასაუბრებაზე. ყველა მზადაა, დასაქმდნენ საუკეთესო პოზიციებზე, რომლებსაც პარტნიორი კომპანიები გვთავაზობენ. თუმცა, თუ მაინც ვერ მოახერხეს სასურველი ვაკანსიის მოძებნა, მაშინ მათ ფრილანსერობის შესაძლებლობა აქვთ. ამ მიმართულების გასაძლიერებლად მოვაწყვეთ სპეციალური კუთხე, სადაც ფრილანსერობაზე დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი,” – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმს ესწრებოდნენ ის უკრაინელი ქალები და გოგოები, რომლებიც საქართველოში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ჩამოვიდნენ და ახლა პროექტის ფარგლებში ციფრულ მარკეტინგსა და ციფრული პროდუქტის ტესტირებას სრული დაფინანსებით სწავლობენ.
პროექტის მეორე ნაწილი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პროექტი “500 ქალი ტექში” ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტ ჩართულობას ემსახურება. ის პროექტის “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.