Digital Mind

ბიზნესისა
და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული პროექტი, ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი.

16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind, შესაძლებლობას იძლევა გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი. ამასთან, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მეწარმეობის, ინოვაციების და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს. პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის რესურსი განუსაზღვრელია მსოფლიოში. ის თანდათან ინტეგრირდება ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა, წარმოება, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და .. განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდია და ის მნიშვნელოვნად ეხმარება ქვეყნებს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებაში.