სტარტაპ სტატუსი

BTU პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელმაც სტუდენტებს სტარტაპ – სტატუსი მიანიჭა.

სტარტაპ-სტატუსი BTU-ს პროექტია, რომელიც სხვა არაერთ აქტივობასთან ერთად საქართველოში, სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს და უნივერსიტეტის „ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ხორციელდება.

„სტარტაპ-სტატუსის“ შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: აპლიკაციების მიღება და პრეზენტაციები (ე.წ. pitch) ჟიურის წინაშე.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ენდრიუ გოდლი (Henley Business School), პედრო ვიერა (500 Startups Georgia), დავით ჭიაბერაშვილი (Microsoft), ეალ ბაროზი (Webiz), გიორგი ჩუგოშვილი (Phubber), ავთანდილ კასრაძე (GITA), ანა ლომთაძე (BTU).

 სამი სტარტაპის ვინაობა, უკვე ცნობილია – სწორედ ესენი არიან რჩეულები და ისარგებლებენ სხვადასხვა უპირატესობით, მათ შორის:

  • საოფისე სივრცით Co-working-ში;
  • უფასო ფინანსური სერვისებით
  • უფასო იურიდიული სერვისებით
  • უფასო მარკეტინგული სერვისებით
  • მენტორშიპის პროგრამით
  • ფინანსებთან წვდომის/ფანდრაიზინგში დახმარებით
  • კვლევა და განვითარებაში მხარდაჭერით

 

გაიცანით „სტარტაპ – სტატუსის“ გამარჯვებულები:

RADIX – ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაცემთა დამუშავებითა და ვიზუალიზაციის გამოყენებით, რამდენიმე წამში, მიიღონ ანალიტიკა, პროგნოზი და რეკომენდაციები.

გუჯა ლომსაძე, სტარტაპი RADIX: ჩვენი გუნდისთვის, სტარტაპ – სტატუსი, ახალი შესაძლებლობების გახსნის საშუალებაა, რამდენადაც გვექნება წვდომა ყველა იმ საჭირო რესურსზე, რაც აუცილებელია პროდუქტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის.  მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან მოგვცემს საშუალებას, უმოკლეს დროში, დავნერგოთ სისტემა როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, სტარტაპ – სტატუსი დიდი მოტივაცია იქნება სტარტაპ ეკოსისტემისთვის და მნიშვნელოვნად განავითარებს მას.“

Tripify.co – ციფრული პლატფორმაა, სადაც მოგზაურს შეუძლია, დაგეგმოს ტური მარტივად და სწრაფად, საკუთარი ინტერესებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით და ამასთან, მიიღოს პერსონალიზირებული სამოგზაურო გეგმა.

ნიკოლოზ წაქაძე, სტარტაპი Tripify.co: „ჩვენი გუნდის წევრებს სჯერათ წარმატების გზაზე დამხმარე ადამიანების, სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ დღეს BTU-ს, სტარტაპ ეკოსისტემას. „სტარტაპ – სტატუსიც“ ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა მათი მხრიდან, დაეხმარონ სტარტაპებს განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, იყო სტარტაპ – სტატუსის მქონე ახალგაზრდა კომპანია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს გამოცდილი მენტორების, ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების ხელში. იმედი გვაქვს, ჩვენი საქმიანობის ამ პერიოდში, სტატუსის ქონა დიდი სტიმული იქნება სტარტაპის აქსელერაციისთვის.“

MUZA – აპლიკაცია მუზეუმში ვიზიტს თამაშად აქცევს. სხვადასხვა სივრცესა და თემატიკაზე მორგებული მისიები დამთვალიერებელს ექსპონატების უკეთ შესწავლაში ეხმარება.

თინა დონაძე, სტარტაპი MUZA: ჩვენთვის „სტარტაპ – სტატუსი“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპია. პროდუქტის საცდელი ვერსია, თითქმის, მზად არის. მომხმარებელთან კომუნიკაციაში,  იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში პროფესიონალებთან კონსულტაცია დაგვეხმარება საბოლოო სახე მივცეთ MUZA-ს და ოცნება რეალობად ვაქციოთ.“

ბეჭდვა