რა მოხდებოდა, თუ.... ანუ ოთხი ქართული სტარტაპის წარსული


ართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა საგრძნობლად ვითარდება და ამ მუდმივი წინსვლის ფონზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიაღწია ნიშნულს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ქართული სტარტაპების გლობალურ პოტენციალს.

დარგის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი ქართული სტარტაპი ჩნდება ბაზარზე და  მათი უმეტესობა გარკვეული ტიპის ცვლილებების გამომწვევად ჩამოყალიბდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ შედარებით „გამარტივდა ცხოვრება“ ან ბევრად უფრო საინტერესო და მოსახერხებელი გახდა ჩვენი მიმდინარე საქმიანობა. გადავინაცვლოთ ფანტაზიის სამყაროში და წარმოვიდგინოთ, რომ თანამედროვე ქართული სტარტაპები უკვე არსებობდა დიდი ხნის წინ. საინტერესოა, როგორ შეიცვლებოდა მოვლენების სცენარი საქართველოს სინამდვილეში და როგორ განვითარდებოდა სხვადასხვა ისტორიული პირის ცხოვრება?

ფიროსმანი და „AReal“-ი

ნიკო ფიროსმანაშვილისთვის დუქნები საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა. თავშესაფარს, რომლის ფარდულებზეც პერიოდულად ჩნდებოდა მის მიერ შესრულებული აბრები. ხატავდა სიცოცხლის ბოლო წლებამდე, ხატავდა უსასყიდლოდ, ხატავდა ერთ ჭიქა არაყზე...ივსებოდა დუქნები მოქეიფე კინტოებით და მათ რიგებში ცოტას  თუ შეეძლო, აღექვა დიდი მხატვრის შემოქმედება და მისი სიდიადე.

ამ გადმოსახედიდან წარმოვიდგინოთ, როგორ შეიცვლებოდა ნიკალას ცხოვრებისეული სცენარი და შემოქმედებითი პროცესები, იმ პერიოდში ერთ-ერთი წარმატებული ქართული სტარტაპი, „AReal“-ი, რომ ყოფილიყო? ვინ იცის, იქნებ, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების ხელოვნურ ნიმუშებთან ინტეგრაცია ნიკოსთვის, სულ სხვა სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობა გამხდარიყო? წარმოვიდგენ, რომ დუქნები, რომელიც გაჟღენთილი იყო ზღვარგადასული ლხინის ეიფორიით, ბევრად უფრო საინტერესო გახდებოდა დამთვალიერებლებისთვის. გაფართოებული რეალობა ბევრად განსხვავებულ პერსპექტივებს წარმოუდგენდა ხალხს, მათ შეეძლებოდათ - გაეცოცხლებინათ იქ არსებული ექსპონატები, გაცნობოდნენ ნებისმიერი ნახატის ისტორიას, მოესმინათ აუდიო მასალისთვის და თუნდაც, შეეცვალათ სამოსის ფერი ფიროსმანის ნამუშევრების მთავარი გმირებისთვის.

„AReal“-ის შესაძლებლობები, ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მსგავსად, ამოუწურავია და ის, თუ როგორ განვავითარებთ სხვადასხვა სიუჟეტს და როგორც მივანიჭებთ ახალ სიცოცხლეს ხელოვნების ნიმუშებს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უშრეტი ფანტაზიის საგანია.

გალაკტიონი და „VRex“-ი

1947 წელს გალაკტიონ ტაბიძის შოვში ყოფნის დროს, ნიკორწმინდელი დურგალი ნიკოლოზ ვაჩაძე პოეტისთვის ტყეში, მუხის ქვეშ, მაგიდას გულმოდგინებით თლიდა და თან ნიკორწმინდის ტაძრის ჩუქურთმების შესახებ გატაცებით უყვებოდა. მოხიბლული გალაკტიონი ნიკოლოზს დაჰპირდა, რომ ამ მაგიდაზე დაწერდა ლექსს ნიკორწმინდის შესახებ და მან ეს დაპირება აასრულა:

„...აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება,

ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება.

ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო,

რა მადლმა ააგო სვეტი - ნიკორწმინდა!..“

– ამ ტაეპებით გალაქტიონმა ხოტბა შეასხა ნიკორწმინდას - ადგილს, რომელიც საკუთარი თვალით არ ჰქონდა ნანახი და მისი სახე მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა.

საინტერესოა, როგორი იქნებოდა ეს ლექსი გალაკტიონს „VRex“-ის დახმარებით ნიკორწმინდა, რომ ენახა? ვფიქრობ, ის ახალი გამოცდილება და შეგრძნებები, რაც მოაქვს მოწყობილობას რეალური სამყაროს ციფრულად ქცევის დროს, სულ სხვა იერსახეს მისცემდა პოეტის ნამუშევარს. ოკულუსის სათვალე კი გახდებოდა მთავარი გასაღები, რითიც გალაკტიონი შეაბიჯებდა სრულიად ახალ სივრცეში, გახდებოდა სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი და საკუთარი თვალით იხილავდა, როგორია ნიკორწმინდა ვირტუალურ რეალობაში - ვირტუალურ რეალობაში, რომელიც სინამდვილის შეგრძნებას გვიტოვებს.

სარაჯიშვილი და 3D ქვევრი

პირველი ქართული ღვინის ბრენდი - დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მისმა გაბედულმა ნაბიჯებმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით ღვინის წარმოებას. მან შეისწავლა ქვეყნის კლიმატური პირობები და ნიადაგი და უზრუნველყო ვაზის ჯიშების გაშენება ხელსაყრელ ზონებზე.

ამჯერად წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა სარაჯიშვილის ტექნოლოგიური მიდგომები და ღვინის დამახასიათებელი თვისებები იმ პერიოდში ქვევრის ახალი იერსახე, 3D პრინტერით შექმნილი ქართული ღვინის ჭურჭელი რომ ყოფილიყო? ვფიქრობ, ბევრად უფრო გაუმჯობესდებოდა სასმლის თვისებები - სპეციფიკური გემო, ქარვისფერი შეფერილობა და სხვ. გარდა ამისა, თუ თიხისგან ქვევრის შექმნას სჭირდება, საშუალოდ, 1 თვე, 3D პრინტერის მეშვეობით შესაძლებელია, ქვევრის დაბეჭდვა სულ რაღაც რამდენიმე საათში. ამ შესაძლებლობების გათვალისწინებით და ქვევრისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებით, წარმომიდგენია, რომ სარაჯიშვილის ტრადიციულ ღვინოს შეუნარჩუნდებოდა ღვინის ფერმენტაციის ორგანული პროცესი და სასმლის შენახვაც ბევრად უფრო ეფექტურ პროცესად გადაიქცეოდა.

ვაჟა-ფშაველა და „Digital Med“-ი

1915 წლის ზაფხულს ფილტვების ანთებით დაავადებული ვაჟა-ფშაველა თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ. მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. მაშინდელი მთავარი ექიმის, ვლადიმერ მახვილაძის, ინიციატივით, იგი ლაზარეთში გადაიყვანეს. ინტენსიურმა მკურნალობამ დროის სიმცირის გამო შედეგი ვერ გამოიღო და  54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თუკი იმ პერიოდში იარსებებდა „DigitalMed“ - პირველი ქართულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, როგორ შეიცვლებოდა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისეული სცენარი?

თუკი პროდუქტი მას მისცემდა შესაძლებლობას, დროის მცირე მონაკვეთში დაესვა პირველადი დიაგნოზი და მიეწოდებინა ინფორმაცია მკურნალობის შესახებ, რამდენად გაიზრდებოდა შანსი იმისა, რომ მწერალს კიდევ უფრო მეტი დრო და რესურსი ჰქონოდა შემოქმედებითი პროცესებისთვის?

წარსულის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენებშია შესაძლებელი, თუმცა მომავლის ფორმირება ნამდვილად არ გვესახება შეუძლებელ მისიად. იმისათვის, რომ მომავალი იყოს ისეთი, როგორიც ჩვენს ფიქრებშია, საჭიროა, ცვლილებები დავიწყოთ აწმყოში. აწმყო კი, თავის მხრივ, იმედისმომცემია, რადგან როგორც თავში ვახსენეთ, ქართული სტარტაპ ეკოსისტემა მუდმივი განვითარების პროცესშია და ამ მიმდინარეობისას გადის ბევრ ეტაპს, რომელიც უამრავი საჭირო ცვლილების საწინდარია.


ბლოგის ავტორი:

ელენე ლომსაძე 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი