Lexus-ის რეკლამა ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა


ელოვნური ინტელექტის გამოყენების სფერო დღითიდღე ფართოვდება და მას უკვე სარეკლამო ინდუსტრიაშიც ვხვდებით. არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რეკლამის ნებისმიერი კომპონენტის ოპტიმიზაცია და კრეატიული ნაწილის საკუთარ თავზე აღება. ამის დასატესტად, Lexus-მა გადაწყვიტა ვიდეო-რგოლი თავისი ახალი ES მოდელისთვის, სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეექმნა.  

ის რაც აქამდე ადამიანის ამოცანას წარმოადგენდა, ამ შემტხვევაში - სცენარის დაწერას, Lexus-ის ახალ რეკლამაში, ‘Driven By Intuition’, ხელოვნურმა ინტელექტმა შეითავსა. თავად ლექსუსის ES მოდელიც, აღჭურვილია რიგი ხელოვნურ-ინტელექტზე დაფუძნებული სისტემით, როგორიცაა ავტომატური დამუხრუჭება და ტემპერატურის კონტროლი.

სარეკლამო კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო The&Partnership-მა იმუშავა, ტექნიკური დახმარება კი კომპანია Visual Voice-მა გაუწია, რომელმაც IBM Watson-ის მეშვეობით გააანალიზა ყველა ის აუდიო, ტექსტური თუ ვიზულური მონაცემი, რომელიც გამოყენებული იყო კანის რეკლამის ფესტივალზე გამარჯვებულ საავტომობილო რეკლამებში, ბოლო 15 წლის მანძილზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მაყურებელში ბრენდისთვის სასურველ ემოციებს აღძრავდა.

„მეგონა, რომ რეკლამის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ და მხოლოდ ასისტენტობას გამიწევდა,“ ამბობს
Dave Bedwood, The&Partnership-ის კრეატიული პარტნიორი. „ამის ნაცვლად კი, მან მთლიანი სცენარი თავად დაწერა. ეს ერთდროულად შთამბეჭდავიც და ცოტა შემაშინებელიც არის, რადგან საბოლოო პროდუქტი საკმაოდ კარგი გამოვიდა.“

რაც შეეხება თავად რეკლამის სიუჟეტს, დასაწყისში ვხედავთ იაპონელ ინჟინერს, რომელსაც საბოლოო დეტალები დააქვს Lexus-ის ახალ მოდელზე. ის ავტომობილს ემოციურად ემშვიდობება. ცოტახანში კი ცნობილი ხდება, რომ ავტომობილმა ე.წ ‘Crash Test’-ი უნდა გაიაროს, რომელსაც პირდაპირ ეთერში აჩვენებენ სხვადასხვა სატელევიზიო მაუწყებლები. საბედნიეროდ, Lexus ES ავტომატური დამუხრუჭების სისტემის წყალობით გამოცდას თავს წარმატებით გაართმევს და ტელევიზორთან მოკალათებული ინჟინერიც, თავის ქალიშვილთან ერთად, შვებით ამოისუნთქავს.

მოვლენათა ამგვარად განვითარება, სწორედ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილება იყო. რამდენიმე მთავარი მიგნებაც გამოიკვეთა შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პერსონაჟის მშობლის ჭრილში გამოყვანა და ბავშვების მონაწილეობა რეკლამაში, მაყურებელს ემოციებს უმძაფრებს. ასეთივე ეფექტი აქვს სახის ძლიერ გამომეტყველებას და ისეთ სარეკლამო რგოლებს, რომელშიც ტექსტი ლიმიტირებულია. ინტერესის შესანარჩუნებლად კი მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებაა გამოსადეგი.

Lexus აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებში მხოლოდ უმნიშვნელო შესწორებები შეიტანეს, თუმცა მას, როგორც ადამიანის ჩამნაცვლებლად, არ განიხილავენ. და მაინც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საგრძნობლად აჩქარებს კრეატიულ პროცესს და გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი სარეკლამო ინდუსტრიაში.

რეკლამის სანახავად ეწვიეთ შემდეგ  ბმულს 

ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების ანალიზი 

ბლოგის ავტორი:

დაჩი ელიზბარაშვილი 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი