CyberPsychology - ადამიანი და ტექნოლოგია


პირველი საბეჭდი მანქანიდან  ხელოვნურ ინტელექტამდე განვითარებული ტექნოლოგიები მუდმივად გავლენას ახდენდნენ ადამიანების აზროვნების ფორმირებაზე.

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ხანაში, ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებამ, საგრძნობლად ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ქცევაში: შეიცვალა კომუნიკაციის ფორმა ადამიანებს შორის,  გრძნობების გამოხატვის გზები, გონებაში  ინფორმაციის გადამუშავების პროცესი და სხვა  ის უამრავი თვისება თუ ჩვევა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად  ტექნოლოგიების  გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

სწორედ ამ პროცესების შესასწავლად და სამართავად, მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს ფსიქოლოგიის ახალი მიმართულება -  კიბერფსიქოლოგია, რომელსაც  ასევ მოიხსენიებენ, როგორც ინტერნეტ და ციფრულ ფსიქოლოგიას. ამ მიმართულების კვლევის ძირითადი არეალია ადამიანის  ტექნოლოგიებთან ინტერაქცია - ინტერნეტის,  სოციალური მედიის, გაფართოებული რეალობისა და სხვა თანამედროვე ხელსაწყოების გავლენა, როგორც ინდივიდების, ასევე ჯგუფების ქცევაზე.

ვინაიდან  განვითარებული ტექნოლოგიები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებზე, თანამედროვე სამყაროში, ბუნებრივია ვარაუდი, რომ ამ პროცესმა შეიძლება, როგორც დადებითი, ასევე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონიოს, ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მრავალი ადამიანისთვის, ინტერნეტი სტრესისაგან თავის დაღწევისა და მარტოსულობის დაძლევის საშუალება არის, ის ერთგვარ მეგობრად იქცა მათთვის, ზოგისთვის კი პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება, სხვადასხვა გზით საკუთარი თავის, აზრების და გრძნობების გამოხატვა.

ინტერნეტმა საგრძნობლად შეცვლა ჩვენი ყოველდღიური ქცევა, დღეს უკვე ონლაინ სივრცეში გადმოინაცვლა უამრავმა პროცესმა, თუნდაც საცალო ვაჭრობა ან  მეგობრებთან კომუნიკაცია.  შესაბამისად მოქცეულები ვართ დაუსრულებელი ინფორმაციის: ფოტოების, პოსტებისა და  რეკლამების ნაკადში, რაც  ჩვენს ფიქრებს  დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით ცვლის.

კიბერფსიქოლოგიის კვლევის რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა: სოციალურ მედიაზე,  ინტერნეტსა და კომპიუტერზე დამოკიდებულება,  ონლაინ ურთიერთობები, აგრესიული ქცევა კიბერსივრცეში, ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ.

სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ერთ-ერთი აქტუალური მიმართულებაა კიბერფსიქოლოგიაში,  ვინაიდან ადამიანებს უფრო და უფრო უჭირთ სოციალურ ქსელებში გატარებული დროის კონტროლი.  კვლევების შედეგად დადგენილი არის, რომ რაც უფრო მეტად არის ადამიანი მიჯაჭვული სოციალურ ქსელებზე, მით უფრო ნაკლებად წარმატებულია, როგორც სწავლასა და სამსახურში, ასევე ადამიანებთან ურთიერთობაში, შესაბამისად  ყოველივე ჩამოთვლილთაგანი ხშირად ხდება დეპრესიისა და შფოთვის მიზეზი.

FOMO (Fear of missing out) - ფსიქოლოგიური, სოციალური და ტექნოლოგიური ფენომენია,  რომელიც ასევე, კიბერფსიქოლოგიის შესწავლის სფეროა, როდესაც მომხმარებელს უჩნდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, შფოთვა, თვითშეფასების დაქვეითება, დეპრესია, რასაც იწვევს სოციალურ ქსელში მუდმივად მეგობრებისა და ახლობლების პოსტების, ფოტოების ნახვა, რომელთაც ადამიანები ადარებენ საკუთარ მდგომარეობას, შესაბამისად  უჩნდებათ სიცარიელისა და იზოლაციის განცდა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ  მენტალურ ჯანმრთელობას.

  იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიები სულ უფრო სწრაფად ვითარდება  და კლავ ცვლის ჩვენს ცხოვრებას, დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო მეტმა პრობლემამ იჩინოს თავი, რაც მძიმედ აისახება ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კიბერფსიქოლოგია, კი სწორედ ის ახალი, მიმართულებაა,  რომლის მიზანი არის ამ პრობლემების შემცირება და ადამიანებისა და ტექნოლოგიების ინტერაქციის დადებითი კუთხით წარმართვა.


ბლოგის ავტორი:

თეო ზანგურაშვილი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი