Lawtech and Legaltech
მასშტაბური კვლევები, გერმანული პლატფორმის Knowledge tools–ის დანერგვა საქართველოში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინსტიტუციებში, Legaltech–ის საგანმანათლებლო სისტემაში დანერგვა, პლატფორმა esx.ge–ის სამართლებრივი მიმართულებით განვითარება და უფასო სასერტიფიკატო პროგრამები – ეს არის BTU-ს მიერ უკვე დაგეგმილი აქტივობების ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს.

Legaltech არის მიმართულება, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს. მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა მსოფლიო, რასაც დაემატა კოვიდ 19–ით გამწვეული პანდემია და შესაბამისად, ყველაფერი ეტაპობრივად ციფრულ ფორმატში გადადის. მათ შორისაა იურიდიული მომსახურებაც, რასაც მძლავრი ტექნოლოგიური მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტო დაიწყო BTU-მ Legaltech–ზე მუშაობა.

Legaltech–ის განვითარება დაიწყო კვლევით, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა. საბოლოოდ, კი იურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, მომხმარებელს ახლებურად შესთავაზონ არსებული სერვისები. კვლევითი ნაწილის განხორციელებისთვის 8–12 თვე არის გათვლილი. კვლევის პირველადი შედეგების შემდეგ კი მისი აქტიური დანერგვა დაიწყება.

Legaltech–ის მიმარულებით BTU-ს პარტნიორია გერმანიის ოდერის ფრანკფურტის ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი და მისი სამართლის ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი. უახლოეს მომავალში BTU-სა და ვიადრინსა უნივერსიტეტს შორის დაიწყება თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც დაიწყება გერმანული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარება და აღნიშნული პლატფორმის საქართველოში დანერგვა.

Knowledge tools – ეს არის პლატფორა, რომელიც ვიადრინას ევროპულმა უნივერსიტეტმა დანერგა და მას წარმატებით იყენებენ გერმანიის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები. კერძოდ, ის დაინერგა გერმანიის ბუნდესთაგში, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. მისი გამოყენება წარმატებით დაიწყეს იურიდიულმა ფირმებმაც. განვითარების შემდეგი ეტაპი კი აღნიშნული პლატფორმის იურიდიული განათლების სისტემაში დანერგვაა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გერმანულ კომპანია KnowledgeTools International GmbH-სა და Maxin AI-თან ერთად ქართული შრიფტისთვის სრულყოფილ OCR პროგრამის შექმნაზე მუშაობას იწყებს. 3 თვიანი პროექტი, რომლის შედეგადაც დასკანერებულ დოკუმენტებში შეცდომის გარეშე მოხდება ტექსტის წაკითხვა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI ლაბის დახმარებითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდება.

პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, დაანონსებული ინიციატივა 5.0 ფარგლებში - Legal Tech–ის მიმართულების ერთ–ერთი ნაწილია, პროგრამას ექნება ღია წვდომა და მის გამოყენებას არა მხოლოდ სამართლის სფეროს წარმომადგენლები, არამედ ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
პროექტი გერმანული ტექნოლოგიური კომპანიის KnowledgeTools International GmbH-ის ინიციატივით ხორციელდება. კომპანია, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში Legal Tech–ის მიმართულებით ინოვაციური პროდუქტების დანერგვით, ამ სფეროს საქართველოში განვითარებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაინტერესდა. იმ რეპუტაციისა და გამოცდილების გამო, რომელიც BTU–ს  საქართველოში და საერთაშორისო დონეზე აქვს, გერმანულმა კომპანიამ მთავარ ადგილობრივ პარტნიორად სწორედ ის შეარჩია.

პროგრამის ტექნიკურ მხარეზე კომპანია Maxin AI–მ უკვე დაიწყო მუშაობა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე იოსებ ხუციშვილი განმარტავს, ეს საქართველოსთვის მეტად ინოვაციური და ძალიან საჭირო პროექტია.

მას შემდეგ, რაც ქართული შრიფტის ამოცნობის სრულყოფილი პროგრამა შეიქმნება, იურისტებს დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და ამ ყველაფრის სისტემაში ხელით შეყვანა აღარ მოუწევთ. შრიფტის ამოცნობის მეშვეობით პროგრამა დამოუკიდებლად წაიკითხავს დასკანერებულ დოკუმენტებს და გადაიტანს მონაცემებს სისტემაში. სამართლის დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესში სწორედ მონაცემების შეყვანაა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხური. შემდეგ ეტაპზე კი სამართლის ინჟინრების მიერ შემუშავებული კოდით პროგრამის მიერ ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში დამუშავება მოხდება.
Legaltech–ის მიმართულებით BTU თანამშრომლობას იწყებს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთანაც.
ამავე მიმართულებით საგანმანათლებლო პლატფორმა esx.ge–ზე დაიგეგმა და დაიწყო უფასო სასერტიფიკატო კურსების განხორციელება და განვითარება. საიტზე განთავსებულია აქტუალური ლიტერატურა სამართლისა და უშუალოდ, ტექნოლოგიების სამართლის მიმართულებიც, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ვრცელი გახდება, ამ დროისთვის უკვე განთავსებულია: ინტერნეტის სამართლებრივი რეგულირება, E-commerce სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, ხელოვნური ინტელექტი და სამართალი.

Legaltech ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა მსოფლიოსთვისაც და ამ დროისთვის ბევრ ქვეყანაში არ არის დანერგილი. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ფაქტი, რომ საქართველოში მასზე მუშაობა უკვე დაიწყო. საქართველოს აქვს პოტენციალი Legaltech –ის მიმართულებით გახდეს მოწინავე ქვეყანა პოსტსაბჭთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ.