Healthtech

საქართველოში ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით BTU-სა და GiS-ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
აქცენტი გაკეთდება ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინდუსტრიებში გამოყენებაზე, მსოფლიოს ირგვლივ საუკეთესო გამოცდილებების საქართველოს რეალობისათვის ადაპტირებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილებების შექმნაზე. HealthTech-ის განვითარება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის "ინიციატივა 5.0-ის" ნაწილია.

თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია Pepper რობოტის ქართული ჯანდაცვის სისტემაში დანერგვა. GiS-ის წარმომადგენლის ნინო ლორთქიფანიძის განმარტებით, პეპერი არის Softbank Robotics-ის მიერ შექმნილი პირველი ჰუმანოიდი რობოტი.

GiS არის Softbank Robotics-ის ოფიციალური, სერტიფიცირებული პარტნიორი, რომელიც ქმნის სხვადასხვა გადაწყვეტილებებს რობოტისათვის. მისი გამოყენება შეიძლება ბიზნესის თითქმის ყველა ინდუსტრიაში, როგორიცაა: HORECA, განათლება, საბანკო სფერო, ვაჭრობა და ა.შ.
მათ შორის ჯანდაცვის სფეროშიც Pepper რობოტი საკმაოდ ფართოდ გამოიყენება და ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს, დაწყებული საზოგადოების ინფორმირებიდან, ტემპერატურისა და სხვა ძირითადი პარამეტრების მონიტორინგისა თუ ექიმის დანიშნულების საფუძველზე კონსულტაციის გაწევის ჩათვლით
ჯანდაცვის ტექნოლოგიები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა და ტექნოლოგიების მნიშვნელობა ჯანდაცვის სფეროში უდავოა.

ტექნოლოგიებს შეუძლიათ გარდამტეხი როლი შეასრულონ როგორც არსებული პანდემიის მართვაში, ასევე მომავალში სფეროს მოდერნიზაციისა და გაციფრულების საკითხებში. მსოფლიო უკვე მივიდა იმ დასკვნამდე რომ ტექნოლოგიებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაამარტივონ პროცედურები, გაზარდონ ინსტიტუციების ეფექტურობა და ეფექტიანობა, გამოათავისუფლონ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამედიცინო პერსონალის დროითი რესურსი და შესაბამისად, გაზარდონ მათ მიერ ჯანდაცვის სერვისების გაწევის შესაძლებლობები. თანამედროვე ტექნოლოგიებს ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვნად აამაღლონ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი, რაც რიგ შემთხვევებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს რიგი დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებას. თუ დავუშვებთ რომ ჩვენი გრძელვადიანი მიზანი არის „მკურნალობის” ჩანაცვლება
„ეფექტური პრევენციით“, შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიების საშუალებით ანალიტიკა და მონიტორინგი, არის აუცილებელი კომპონენტი რომლის განვითარებისათვის დღეს ყველა წინაპირობა არსებობს. HealthTech ერთმნიშვნელოვნად ეფექტური იარაღია მსოფლიო ჯანდაცვის სფეროს განვითარებისათვის, შესაბამისად მნიშვნელოვანია თითოეული იისტიტუციის ინიციატივა და აქტივობა, რომელსაც აქვს უნარი და შესაძლებლობა რომ წვლილი შეიტანოს ამ ტექნოლოგიების განვითარებაში, " - აცხადებს ნინო ლორთქიფანიძე.
 
მიმდინარე პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების როლი, შესაბამისად, GiS-ის გუნდის უახლესი 3 წევრიდან სამივე არის სტუდენტი, 2 მათ შორის BTU-ს სტუდენტია. განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში ხშირად სწორედ სტუდენტები არიან ის მამოძრავებელი ძალა რომელიც ამ ინდუსტრიას ყოველდღიურად ანვითარებს.