რეგიონში პირველად ჩატარებული „სტარტაპ – სტატუსის“ გამარჯვებულები ცნობილია
20 ოქტომბერი 2020

„BTU პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელმაც სტუდენტებს სტარტაპ – სტატუსი მიანიჭა. სამი სტარტაპის ვინაობა, უკვე ცნობილია.  – სწორედ ესენი არიან რჩეულები და ისარგებლებენ სხვადასხვა უპირატესობით, მათ შორის: ფინანსური სერვისებით, მარკეტინგული სერვისებით, იურიდიული სერვისებით, ფინანსებთან წვდომაში მხარდაჭერით, საერთო სამუშაო სივრცით, მენტორინგით და სხვა“.

„სტარტაპ-სტატუსი“ BTU-ს პროექტია, რომელიც სხვა არაერთ აქტივობასთან ერთად საქართველოში, სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს და უნივერსიტეტის „ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ხორციელდება. „სტარტაპ-სტატუსის“ შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: აპლიკაციების მიღება და პრეზენტაციები (ე.წ. pitch) ჟიურის წინაშე. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ენდრიუ გოდლი (Henley Business School), პედრო ვიერა (500 Startups Georgia), დავით ჭიაბერაშვილი (Microsoft), ეალ ბაროზი (Webiz), გიორგი ჩუგოშვილი (Phubber), ავთანდილ კასრაძე (GITA), ანა ლომთაძე (BTU).

„ძალიან მოხარული ვარ, რომ „სტარტაპ – სტატუსის“ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მომეცა. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საინტერესოა. გამარჯვებული სტარტაპებს, რომელიც ბორდის წევრებმა ერთობლივად შევარჩიეთ, განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა მიეცემათ. ვფიქრობ, რომ სტარტაპ სტატუსის მქონდე სტარტაპებს საქართველოშ მაქსიმალური განვითარების პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობაც ექნებათ. მე, პირადად, როგორც გლობალური სტარტაპ ფონდის ერთ–ერთი თანადამფუძნებელი, მათ საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრასა და დაფინანსების მიღებაშიც დავეხმარები. დღეს, სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი და ამ პროექტით სწორედ ახალგაზრდა თაობის მეწარმეობით დაინტერესებას შევუწყობთ ხელს. ბევრ საინტერესო იდეას ველოდებით სტუდენტებისგან“, – აღნიშნავს ეალ ბაროზი.

„BTU-ს ინიციატივა, რომ სტუდენტებს მიანიჭოს სტარტაპ-სტატუსი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ინოვაციების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ეს ახალგაზრდებს შესაძლებლობასა და ცოდნას მისცემს, რომ საკუთარი იდეების კონცეპტუალიზაცია და მატერიალიზაცია მოახდინონ. საფრანგეთში ანალოგიური სტატუსის მინიჭება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე კი სტატუსი სახელმწიფო დონეზე არის აღიარებული და ის სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უქმნის საკუთარი პროექტების განვითარებისთვის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ მეწარმეობისა და ინოვაციების ტრენინგები სხვადასხვა დისციპლინაში, მათ შორის, ინჟინერიაში, მენეჯმენტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში. ბევრი ისეთი მიმართულებაცაა, რომელშიც მეწარმეობა მანამდე არ ისწავლებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მსგავს პრაქტიკას საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ნერგავს,“ – აღნიშნავს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო BTU-ს გუნდს ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და სტარტაპების მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს უაღრესად საინტერესო იდეების პრეზენტაციისთვის და წარმატება ვუსურვო მათ განვითარებაში. ნამდვილად ძალიან რთული იყო საუკეთესოების გამოვლენა, თუმცა, ვთვლი, რომ Big Data და თამაშზე დაფუძნებული სწავლება სწორედ ის მიმართულებებია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება განვითარება და მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ თითოეულ იდეას, სწორი მენეჯმენტის პირობებში, დიდი წარმატება ელის წინ. და ბოლოს, მსურს, მივმართო იმ მონაწილეებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ გამარჯვებულთა სიაში. ვუთხრა მათ, მთვარია, სჯეროდეთ იმ იდეის რასაც აკეთებენ და არასდროს დანებდნენ, მათი წარმატება მხოლოდ დროის ამბავია და ეს დრო აუცილებლად დადგება““, – ასე ახასიათებს პროექტსა და გამარჯვებულებს დავით ჭიაბერაშვილი.

გაიცანით „სტარტაპ – სტატუსის“ გამარჯვებულები:

RADIX – ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაცემთა დამუშავებითა და ვიზუალიზაციის გამოყენებით, რამდენიმე წამში, მიიღონ ანალიტიკა, პროგნოზი და რეკომენდაციები.

გუჯა ლომსაძე, სტარტაპი RADIX: ჩვენი გუნდისთვის, სტარტაპ – სტატუსი, ახალი შესაძლებლობების გახსნის საშუალებაა, რამდენადაც გვექნება წვდომა ყველა იმ საჭირო რესურსზე, რაც აუცილებელია პროდუქტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის.  მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან მოგვცემს საშუალებას, უმოკლეს დროში, დავნერგოთ სისტემა როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, სტარტაპ – სტატუსი დიდი მოტივაცია იქნება სტარტაპ ეკოსისტემისთვის და მნიშვნელოვნად განავითარებს მას.“

Tripify.co – ციფრული პლატფორმაა, სადაც მოგზაურს შეუძლია, დაგეგმოს ტური მარტივად და სწრაფად, საკუთარი ინტერესებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით და ამასთან, მიიღოს პერსონალიზირებული სამოგზაურო გეგმა.

ნიკოლოზ წაქაძე, სტარტაპი Tripify.co: „ჩვენი გუნდის წევრებს სჯერათ წარმატების გზაზე დამხმარე ადამიანების, სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ დღეს BTU-ს, სტარტაპ ეკოსისტემას. „სტარტაპ – სტატუსიც“ ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა მათი მხრიდან, დაეხმარონ სტარტაპებს განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, იყო სტარტაპ – სტატუსის მქონე ახალგაზრდა კომპანია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს გამოცდილი მენტორების, ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების ხელში. იმედი გვაქვს, ჩვენი საქმიანობის ამ პერიოდში, სტატუსის ქონა დიდი სტიმული იქნება სტარტაპის აქსელერაციისთვის.“

MUZA – აპლიკაცია მუზეუმში ვიზიტს თამაშად აქცევს. სხვადასხვა სივრცესა და თემატიკაზე მორგებული მისიები დამთვალიერებელს ექსპონატების უკეთ შესწავლაში ეხმარება.

თინა დონაძე, სტარტაპი MUZA: ჩვენთვის „სტარტაპ – სტატუსი“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპია. პროდუქტის საცდელი ვერსია, თითქმის, მზად არის. მომხმარებელთან კომუნიკაციაში,  იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში პროფესიონალებთან კონსულტაცია დაგვეხმარება საბოლოო სახე მივცეთ MUZA-ს და ოცნება რეალობად ვაქციოთ.“