BTU-ს წარდგენილმა სტარტაპებმა Big idea challenge-ის საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გაიმარჯვეს
31 ივლისი 2020

Big idea challenge-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. სოციალური გავლენის კატეგორიაში საქართველოდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილმა სტარტაპმა Zero Effect-მა გაიმარჯვა.

ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიაში საქართველოდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილმა სტარტაპმა Beauty Lab App–მა გაიმარჯვა.

Zero Effect - საქართველოში პირველი ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა, რომლის მიზანიც არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად, საქართელოშიც მიეცეთ მაცხოვრებლებს საშუალება, შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასის გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს.

Beauty Lab App - ონლაინ ჯავშნების სისტემა სილამაზის სალონებისათვის, რომელშიც გაერთიანებულია ჯავშნის სისტემა მომხმარებლებისათვის, მართვის პანელი სილამაზის სალონებისთვის და ონლაინ გადახდები.

გამარჯვებული სტარტაპები საერთაშორისო ასპარეზზე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. კონკურსში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი. ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

Big Idea Challenge-ის კონკურსი მოიცავს სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი ინდუსტრია. 9 ფინალისტ სტარტაპს შორის, რომელიც საქართველოდან გამოვლინდა 5 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპები მონაწილეობდნენ.

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული გასულ წელს საქართველო გახდა. კონკურსში, რომელშიც 7 ქვეყნის 90 ინსტიტუცია მონაწილეობდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის არტ ინკუბატორის წევრმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა. სტარტაპი „საპო“ ამზადებს ნატურალური ინგრენდიენტებისგან ხელნაკეთ საპონს, რომელსაც აქვს ცხოველების ფორმა. იდეა მდგომარეობს შემდეგში: დამზადებული საპნების საშუალებით ბავშვებს შეუყვარდეთ ხელის დაბანა. ყველა საპონს რომელსაც აქვს ცხოველის ფორმა, მოყვება საკუთარი ზღაპარი, სადაც აღწერილია ამ პერსონაჟის თავგადასავალი, თუმცა ყველა თავგადასავალს აკლია ბოლო გვერდი, რომელიც გრაგნილის სახით არის დახვეული და დამალულია საპონში. ზღაპრის ბოლოს ბავშვებს შეხვდებათ წარწერა, რომ თუ გსურთ ამბის დასასრულის გაგება, რაც შეიძლება ხშირად უნდა დაიბანოთ ხელი და ამბის დასასრულს საპონში იპოვით.