გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში BTU-ს სტუდენტები მოსწავლეებს გადაამზადებენ
07 ივლისი 2020

UNDP-ისა (გაეროს განვითარების პროგრამა) და Future Laboratory-ის ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქ რუსთავის 5 სკოლაში მიმდინარეობდა მოსწავლეების გადამზადება სოციალურ მეწარმეობაში, PBL მეთოდოლოგიის გამოყენებით.

პროექტის განმავლობაში  მონაწილეებმა შეიმუშავეს ინოვაციური გადაწყვეტები ქალაქისთვის Post-Covid გარემოს განვითარების მიმართულებით.

გადამზადების შემდგომ შეირჩა გუნდები, რომლებიც ოქტომბერში წარადგენენ იდეების განხორციელების საწყისი ეტაპის შედეგებს პარტნიორების წინაშე და მათ მომზადებას უზრუნველყოფენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად.

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბი, BTU-ს ბაზაზე რეგიონში პირველად 2020 წლის იანვარში დაფუძნდა. 30-მდე სტუდენტმა სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა MIT-ის მენტორებთან 4 კვირის განმავლობაში გაიარეს. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის და პარტნიორობის შემდგომი გაგრძელების პირობებში.

სწორედ ეს სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას და UNDP-ის პროგრამის ფარგლებში გადაამზადებენ სკოლის მოსწავლეებს.

სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში მოსწავლეებს გაუწევენ მენტორობას, დაეხმარებიან პროდუქტის მუშა პროტოტიპის შექმნასა და კომერციალიზაციის გეგმის დახვეწაში და მოამზადებენ დემო დღისთვის, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება და იდეა აქციონ რეალობად.

პროექტის პარტნიორები არიან: UNDP, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რუსთავის ინოვაციების ჰაბი, პლატფორმა “ორბელიანი” და რუსთავის მერია.

იხილეთ სტატია