დიდი ბრიტანეთის, ჩიჩესტერის უნივერსიტეტის დიპლომის მიღების უნიკალური შანსი
02 აგვისტო 2019

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების კიდევ ერთ შანსს სთავაზობს. უნივერისტეტმა თანამშრომლობა დაიწყო ჩიჩესტერის უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საბაკალავრო სწავლების ბოლო წელს დიდ ბრიტანეთში გაატარებენ და ერთდროულად ორ დიპლომს მიიღებენ.

ჩიჩესტერის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი რეიტინგული უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს გვთავაზობს. უნივერსიტეტს საფუძველი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. ჩიჩესტერის უნივერსიტეტი 14 სხვადასხვა სასწავლო დეპარტამენტს აერთიანებს. მათ შორისაა: ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებები. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობაა 5 518. საერთო რაოდენობიდან 81% ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტია, 17% - მაგისტრანტი, 2% - დოქტორანტი. 2019 წელს ჩიჩესტერის უნივერსიტეტი დასახელდა გაერთიანებული სამეფოს ტოპ 15 უნივერსიტეტს შორის სტუდენტების მიერ შედგენილ რეიტინგში. ის მე-7 ადგილზეა სტუდენტთა ჩართულობის მაჩვენებლით. Guardian-ის 2019 წლის საუნივერსიტეტო რეიტინგში, ჩიჩესტერი მე-15 ადგილს იკავებს სწავლების მიმართ კმაყოფილების მიხედვით.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის ფარგლებში, შეძლებენ ბოლო სასწავლო წელს ისწავლონ ეკონომიკის ევროპული სკოლის ლონდონის კამპუსში, ბრიტანეთის მოწინავე სასწავლებლის, ჩიჩესტერის პროგრამით - University of Chichester და მიიღონ ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პროგრამაში მონაწილეობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროგრამების „ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი“ ან „ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები“ მე-3 კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, რომლებმაც დააგროვეს არანაკლებ 180 კრედიტი და გაიარეს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგანი. განცხადების შესატანად კი აუცილებელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის აქტიური სტატუსი და ინგლისური ენის ფლობა პარტნიორი-დაწესებულების მიერ მოთხოვნილ დონეზე (IELTS 6.0 ; TOEFL iBT 87; Pearson Test 50-57; Cambridge CAE grade C; Trinity College ISE II).

„ბიზნესისა და ტექნოლოგოების უნივერსიტეტსა და ჩიჩესტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით დაფუძნებული ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის ფარგლებში ხორციელდება. თანამშრომლობა მოიაზრებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებას ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, ერთობლივი კვლევების და ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური პროექტების საქართველოში განხორციელებას, აგრეთვე, ბრიტანული სასწავლო მასალების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას,” - აცხადებს ნინო ენუქიძე.

 

ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის ფარგლებში, ჩიჩესტერის უნივერსიტეტი)  არსებულ პარტნიორებს შორისაა: რედინგის უნივერსიტეტი/ჰენლის ბიზნესის სკოლა (University of Reading, Henley Business School), სტეფორდშირის უნივერსიტეტი (Staffordshire University), ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ბრიტანული ორგანიზაცია ACCA.