კრეატიული ცენტრი თბილისის ისტორიის მუზეუმში - ინოვაციურმა პროექტმა სტარტი აიღო
27 დეკემბერი 2018

კრეატიული ინდუსტრიების სამეწარმეო აქტივობების მხარდასაჭერად, კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) კრეატიული ცენტრი იქმნება.

კრეატიული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Henley Business School-ის მონაწილეობით 2019 წელს ამოქმედდება.

მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship თბილისის კრეატიული ცენტრის ბრიტანული პარტნიორი გახდა, რომლის სამეწარმეო ცენტრი ქარვასლაში შექმნის Art ინკუბატორს და ბიზნეს კლინიკას არტისტებისთვის, ჩაატარებს ვორკშოპებს და გამართავს კრეატიული იდეების ფესტივალს, დააწესებს ინოვაციური მეწარმეობის ჯილდოს.

ეროვნულ მუზეუმში პროექტს მნიშვნელოვნად აფასებენ. „ეს პროექტი იმას ითვალისწინებს, რომ სწორედ საერთაშორისო გამოცდილების შერწყმით, ჩვენ ეროვნულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, კრეატიულობით შევქმნათ ის პროდუქტები, რომელსაც ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკის განვითარებაში, თბილისის განვითარებაში და ა.შ. პროექტი დაწყებულია. მომავალ წელს წარმოვადგენთ“,- განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა დავით ლორთქიფანიძემ.

თავის მხრივ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პროექტი განსაკუთრებით კომერციალიზაციის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. „ჩვენ ვიწყებთ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებულ პროექტს. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება კრეატიული სექტორის წარმომადგენლების განთავსება აქ, სადაც შეიქმნება კრეატიული ბიზნესინკუბატორი. ჩვენი მხრიდან ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაეხმარება ამ სექტორს, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქტის კომერციალიზაცია. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრადიციული, კულტურული, კრეატიული სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ამ სფეროში დიდი გამოცდილება, თუმცა კარგი იქნება მათ ასევე ჰქონდეთ ამ პროექტების კომერციალიზაციის გამოცდილება. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს პროექტი უზომოდ სასარგებლო იქნება. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Henley Business School არის ამ პროექტში ჩართული, მათ აქვთ გამოცდილება ზუსტად ამ მიმართულებით. იმედია, პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ.

ბრიტანეთის საბჭოში კი მოხარულები არიან, რომ მათი დახმარებით დაფინანსდა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის პარტნიორობა.

„დღევანდელი ღონისძიების მიზანია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით პრეზენტაციის გამართვა. პარტნიორობა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს 5-წლიანი პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“. პროგრამა მიზნად ისახავს სამეწარმეო განათლების ხელშეწყობას და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება. ერთი-ერთი მთავარი კომპონენტია პარტნიორობის ფონდი. მიხარია, რომ საქართველოდან 6 პარტნიორობა დაფინანსდა, მათ შორის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის პარტნიორობა“, - განაცხადა ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელმა ზაზა ფურცელაძემ.