ამერიკული სამხედრო კოლეჯის ციტადელის სტუდენტები საქართველოში უსაფრთხოების პროგრამას გაივლიან
27 დეკემბერი 2018

ამერიკულმა სამხედრო კოლეჯმა „ციტადელი" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები გადამზადდებიან.

Citadel მსოფლიოს მოწინავე სამხედრო კოლეჯია, რომელიც აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს, რომლის სტუდენტები უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადების სპეციალურ კურსს საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაივლიან.

სტუდენტებისა და პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი BTU-ს 2019 წლის ზაფხულში ეწვევა და ქართველი სპეციალისტების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გადამზადებას ერთი თვის განმავლობაში გაივლიან. უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა იმ მიზეზებს შორის დასახელდა, რის გამოც „ციტადელმა“ არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტზე გააკეთა.

Citadel-ის სამხედრო კოლეჯი 1842 წელს გაიხსნა, კოლეჯის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მთავრობები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. ფორბსის სარეიტინგო სისტემების მიხედვით, ციტადელის სამხედრო კოლეჯი გახსნის დღიდან, ლიდერებს შორისაა, სამხედრო სწავლების მიმართულებით. სარეიტინგო სისტემები: Military Times, U.S. News Ranking, Best Value Among Public Colleges, და სხვა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭო, პროექტში, როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობს.

„ეს არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ციტადელის სამხედრო კოლეჯს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც გარკვეულწილად ზაფხულის სკოლის კურსს ეხება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ატლანტიკური საბჭოს მხრიდან მოვამზადეთ სპეციალური სასწავლო პროგრამა, რათა მათი სამხედრო კურსანტები მომზადდნენ და გათვითცნობიერდნენ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე",- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი მუჩაიძემ.

 

ამასთან, ბიზნესის და ტექნოლოგიების რექტორის ანდრო რურუას თქმით, საამაყოა, რომ მათ უნივერსიტეტს ჰქონდა შანსი „ციტადელთან“ მსგავსი ურთიერთობა დაემყარებინა.

„ციტადელი არის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო კოლეჯი მსოფლიოში. ჩვენ მოვახდენთ მათი სტუდენტების გადამზადებას კონფლიქტების დარეგულირებაში. მოხარული ვართ, რომ ციტადელი დაინტერესდა საქართველოთი. საქართველოში განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ჰქონდა შანსი, რომ „ციტადელთან“ დაემყარებინა პარტნიორობა. ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის გაცხადებული პოლიტიკა საერთაშორისო მიმართულებით და დღეს დავამტკიცეთ, რომ ეს პოლიტიკა არის ერთადერთი და შეუცვლელი",- განაცხადა ანდრო რურუამ.

„ციტადელის“ წარმომადგენლის ზეინი სეგლის თქმით კი, ამერიკისთვის ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„მთელი იდეა ამ თანამშრომლობის ის არის, რომ ამერიკაში სტუდენტები იღებენ განათლებას სახელმძღვანელოებიდან, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით განათლება ხდება წიგნებიდან. საქართველო არის ქვეყანა, სადაც უსაფრთხოების მიმართულებით ყველაზე ძლიერი პრაქტიკოსები შეიძლება რომ იპოვო, ვისაც რეალურად ამის გამოცდილება აქვთ და მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან არ აქვთ ნასწავლი თავის საზღვრები როგორ დაიცვან, ჰიბრიდული ომები როგორ აწარმოონ და ა.შ. ამიტომ, ამერიკისთვის ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია",- განაცხადა ზეინ სეგლიმ.