გიორგი ჩახნაშვილის დახმარებით, BTU-ში გახსნილი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია შესაძლოა, მადრიდის წამყვან ჰაბებს დაუკავშირდეს
27 დეკემბერი 2018

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფორმაციით, Digital Mind-ის, იგივე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი გიორგი ჩახნაშვილი მადრიდში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საბანკო და საკომუნიკაციო მიმართულებით.

მათივე ცნობით, გიორგი ჩახნაშვილმა კომპანიებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროექტები - Digital Mind და AI Tourism წარუდგინა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიები პროექტებით დაინტერესდნენ და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. აქედან გამომდინარე, საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ხელშეწყობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიაში კიდევ უფრო დახვეწილი ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ხელოვნური ინტელექტი სრულფასოვნად, მაქსიმალური დატვირთვით განვითარდეს.

გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, BTU-ში, რომელიც საქართველოში ლიდერი უნივერსიტეტია, კიდევ უფრო დაიხვეწა ტექნიკური მხარე, რაც როგორც მისთვის, ასევე ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სხვა სტუდენტებისთვის უფრო დიდ შესაძლებლობებს ქმნის. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია მოეწყო სპეციალურად იმ სპეციფიკაციებით, რასაც ხელოვნური ინტელექტის სრული დატვირთვით განვითარება საჭიროებს.

„პირადად მე ეს საშუალებას მომცემს, მადრიდის კომპანიებთან შეთანხმების შემდეგ, პროექტებზე დისტანციურად, სწორედ ამ ლაბორატორიიდან ვიმუშაო“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში, დიდი კომპანიები მუშაობის პროცესში ხელოვნურ ინტელექტს უკვე იყენებენ და შესაბამისად, ამ მიმართულების პროფესიონალები ძალიან საჭირო ხდება. გიორგი ჩახნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში მსგავსი ხაზების განვითარება, რადგან ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ, გაიღრმავონ ცოდნა და გახდნენ კონკურენტუნარიანები მთელ მსოფლიოში.

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გიორგიმ BTU-ს ტექნიკური მხარდაჭერით შექმნა, უნიკალურია მთელ მსოფლიოში თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ის ადამიანის ნეირონული ქსელების მსგავსად აზროვნებს და მსოფლიოში პირველად, შესაძლებელი ხდება, მაგალითად, ვიდეოების ხელოვნური ინტელექტის მიერ უმოკლეს დროში ნახვა და ანალიზი.

„ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ადამიანს სრულად ვერასოდეს ჩაანაცვლებს, ვინაიდან მას სწავლება სჭირდება, თუმცა მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და გარკვეულწილად უკვე მოხდა კიდეც ადამიანური რესურსის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება“, - აცხადებს ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი გიორგი ჩახნაშვილი.

მისი განცხადებით, ეს ტრენდი გაგრძელდება და მაშინ, როდესაც საქართველოში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ტექნიკური შესაძლებლობა უკვე არსებობს, ახლა ყველაფერი ნიჭიერი ახალგაზრდების ენთუზიაზმზეა დამოკიდებული.