რექტორის მიმართვა

  

 

ძვირფასო აბიტურიენტებო და სტუდენტებო,

მაქვს პატივი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარი ღიად გამოვაცხადო თქვენთვის. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომის შედეგად, მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა. ახლა, თქვენ შეგიძლიათ გაუწიოთ კონკურენცია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს, ითანამშრომლოთ ბიზნესსა და ტექნოლოგიებში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების ტოპ მენეჯერებთან და დასაქმდეთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, სტუდენტობის პერიოდში. 

ჩვენ უნივერსიტეტში შემუშავებული ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები უნიკალურია და ეფუძნება მასშტაბურ კვლევას, რომელშიც მონაწილეობდნენ დამსაქმებლები, მეწარმეები, განმანათლებლები, ინოვატორები და სხვა, თქვენთვის საინტერესო ჯგუფები.

შედეგად, შევქმენით დინამიური, დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებული შეძლებს არა მხოლოდ მიჰყვეს თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებსა და ცვლილებებს, არამედ თავად გახდეს მთავარი ცვლილების მომტანი ინდუსტრიაში. მოხარული ვართ, რომ შევძელით და პირველად საქართველოში, ასეთი ხარისხის განათლება ხელმისაწვდომი გავხადეთ თქვენთვის.

ჩვენ ამბიციური გეგმა გვაქვს: აღვზარდოთ თაობა, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ უნარი, უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და იყოს თანამედროვე ლიდერი იმ სფეროში, რომელშიც გადაწყვეტს მუშაობას. თაობა, რომელიც დაბრკოლებების გარეშე გაიკვლევს გზას კარიერულ ცხოვრებაში, დასაქმდება და იქნება დამსაქმებელი. ამ გეგმის კვალდაკვალ, ჩვენ უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში ვიქნებით თქვენთან. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულის სტატუსს შეიძენთ, ვიზრუნებთ თქვენს კარიერულ ზრდაზე, რადგან ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს: ერთად მივაღწიოთ დიდ წარმატებებს.

დაარსებისთანავე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არსებულ 100-მდე უმსხვილეს კომპანიასთან, რომელთაც მოიწონეს საგანმანათლებლო პროგრამები და გამოთქვეს ჩვენ სტუდენტებთან თანამშრომლობის სურვილი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ სწავლის პროცესი შესაძლოა მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდებოდეს. ამიტომ, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება - ინფრასტრუქტურა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აერთიანებს უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ლაბორატორიებს, ბიზნესის პრეაქსელერატორსა და ინკუბატორს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, თანამედროვე ბიბლიოთეკას, საფეხბურთო მოედანს, საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, ეკოპარკს. ჩვენ შევიმუშავეთ სტუდენტთა დაფინანსებისა და სტიპენდიების პროგრამა, რომელიც დიდი ფინანსური შეღავათის მომტანი იქნება თქვენთვის. შევარჩიეთ პროფესორებისა და მოწვეული ლექტორების საუკეთესო გუნდი - მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ტოპ მენეჯერები, რომლებიც მზად არიან მხოლოდ თქვენ გაგიზიარონ ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება.

 

გელოდებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

შეხვედრამდე,

მიხეილ ბატიაშვილი

რექტორი