ახალი თანამშრომლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაციას’’ შორის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაცია’’ თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის მიზანი საქართველოში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაცია, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში მოხდება ინოვაციური პროექტების განხორციელების სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყნაში.

 

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაციის” მონაწილეობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შემუშავდება პრე-აქსელერატორის პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს უფასოდ დაეხმარება სტარტაპ პროექტების განხორციელებასა და საჭირო დაფინანსების მოპოვებაში.

,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაცია’’ საქართველოში ახლა ყალიბდება, თუმცა მისი ქსელი კარგად არის განვითარებული ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში. ასოციაციის საქმიანობის მთავარი მიზანია ინოვაციური სტარტაპების დაკავშირება ანგელოზების ქსელებთან, ისევე, როგორც კავშირების მოძებნა სხვა ქვეყნებში.

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაციის’’ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი სტარტს უახლოესს მომავალში აიღებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე აპრილის შუა რიცხვებიდან გამოცხადდება.